1. პრეამბულა უნივერსიტეტი თავისუფალ საზოგადოებაში უნდა ემსახურებოდეს სიმართლისა და ცოდნის ძიებას, რაც უნდა განხორციელდეს ჯანსაღი კამათის, განსჯისა და გახსნილი, ღია ურთიერთობების საფუძველზე. ეთიკის კოდექსი წარმოადგენს ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (ქსეუს) პერსონალისა სტუდენტების ეთიკური პრინციპების, ღირებულებებისა და ქცევის ფორმულირებას. კოდექსი მიზნად ისახავს დაეხმაროს უნივერსიტეტის პერსონალსა და სტუდენტებს იმ ეთიკური საკითხების გადაჭრასა და დადგენაში, რომლებიც შეიძლება წამოიჭრას მათი მუშაობისა თუ სწავლის პერიოდში. აღნიშნული სისტემა მიმართულია ასევე კოლეგებთან, სტუდენტებთან, უნივერსიტეტთან და ეროვნულ თუ საერთაშორისო გაერთიანებებთან ურთიერთობების დარეგულირებისაკენ. ქსეუ წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს ერთმანეთთან მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს. ასეთ საზოგადოებაში აუცილებელია ყველა წევრი იცნობდეს და პატივს სცემდეს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ საზოგადოების სხვა წევრებისა და უნივერსიტეტის უფლებებსა და ვალდებულებებს. უნივერსიტეტის ყველა წევრი უნდა მოიქცეს ეთიკის ნორმების დაცვით, პატივს სცემდეს სხვების ადამიანურ ღირსებას და თავი შეიკავოს სხვისთვის ზიანის მომტანი საქციელის: ძალადობის, ქურდობის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფანატიზმისაგან. უნივერსიტეტის ყველა წევრი ვალდებულია დაემორჩილოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსებს, სახელმწიფო კანონებს, უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსსა და შინაგანაწესს. უნივერსიტეტის წევრებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის ინტელექტუალურ საკუთრებას და აღიარონ თითოეული სტუდენტის უფლება მიიღოს განათლება ძალადობის, დისკრიმინაციისა და დაშინებისგან თავისუფალ გარემოში. პერსონალი და სტუდენტები ასევე თავისუფალნი არიან თავიანთი რელიგიური მრწამსის არჩევაში, თუმცა ვალდებულნი არიან პატივი სცენ სხვის განსხვავებულ შეხედულებებსაც. უნივერსიტეტში დაუშვებელია რელიგიურ თემატიკაზე კონფლიქტური სიტუაციების შექმნა. ამ დოკუმენტში აღწერილია აკრძალული, დაუშვებელი ყოფაქცევა, შესაბამისი სანქციები და უნივერსიტეტის მხრივ რეაგირების მეთოდები და წესები. უნივერსიტეტის პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტი ვალდებულია გაეცნოს ამ დოკუმენტში მოყვანილ ნორმებს. 2. უნივერსიტეტის პერსონალის ქცევის ნორმები 1. აკადემიური თავისუფლება ქსეუ აღიარებს და იცავს აკადემიურ თავისუფლებას, მიიჩნევს რა მას სწორედ სწავლების, კვლევისა და ერუდიციის აუცილებელ პირობად. სასწავლო და კვლევითმა პერსონალმა უნდა იხელმძღვანელოს სამეცნიერო მუშაობის თავისუფლად განხორციელების სურვილით. ქსეუ თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველა ღონეს იხმარს, რათა დაიცვას თავისი პერსონალი ამ თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობისაგან. 2. კანონმორჩილება ქსეუს ყველა წევრი ვალდებულია დაემორჩილოს ნებისმიერ საკანონმდებლო და სამეწარმეო მოთხოვნას, ასევე უნივერსიტეტის შინაგანაწესსა და რექტორის ბრძანებებს. 3. ინტერესთა კონფლიქტი უნივერსიტეტის პერსონალი ვალდებულია თავიდან აიცილონ ან შესაბამისი რეაგირებით შეხვდნენ ისეთ სიტუაციებს, რომელთაც შეიძლება შედეგად მოყვეს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რამაც თავის მხრივ პირდაპირ ან ირიბად შეიძლება ჩრდილი მიაყენოს უნივერსიტეტის რეპუტაციას. სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას შეიძლება საფუძვლად დაედოს: ოჯახური ურთიერთობები, პოზიტიური და ნეგატიური ემოციური ფონი, ფინანსური ინტერესი და სხვა. 4. საჩუქრების მიღება ქსეუს პერსონალმა არ უნდა მოითხოვოს საჩუქარი ან თანხა და არ უნდა წაახალისოს ვინმე ასეთ ქმედებაზე, თუკი ეს უკავშირდება მათი მხრიდან სამსახურებრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებას. 5. კონფიდენციალობა ქსეუს იმ პერსონალმა, რომელთაც შეხება გააჩნიათ უნივერსიტეტის დოკუმენტაციასთან, საიდუმლოდ უნდა შეინახონ შესაბამისი ინფორმაცია. მათ ასევე ეკრძალებათ ზეპირი საუბრების გამჟღავნება, თუ ამას მოითხოვს საჭიროება. ასევე კონფიდენციალური და გასაიდუმლოებულია პერსონალისა და სტუდენტების პირადი საქმეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს სპეციალური მოთხოვნა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. 6. ინტელექტუალური საკუთრება ქსეუ აღიარებს ინტელექტუალურ საკუთრებას, მათ შორის გამოგონებებს და საავტორო უფლებებს სამუშაოს სხვადასხვა დარგში. უნივერსიტეტი ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ინტელექტუალური საკუთრების ავტორების წახალისება პრემიებითა და ჯილდოებით. 7. პირადი განვითარება საკუთარი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მუდმივად განვითარება უნივერსიტეტის მთელი პერსონალის მოვალეობაა. ისინი გამუდმებით უნდა ცდილობდნენ აიმაღლონ თავიანთი კვალიფიკაციის ხარისხი. 8. დასაქმება და კერძო პრაქტიკა უნივერსიტეტის პერსონალის მიერ თავიანთი საქმიანობის სფეროში განხორციელებულ საზოგადოებისა და თვით ინდივიდისათვის ურთიერთსასარგებლო პროფესიულ და საკონსულტაციო სამუშაოს უნივერსიტეტი მხოლოდ მიესალმება, მაგრამ იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უნივერსიტეტის ინტერესებს და არ უნდა აფერხებდეს სასწავლო პროცესის გამართულ მიმდინარეობას. ქსეუს კონკურსის წესით არჩეულ პროფესორებს უფლება აქვთ იყვნენ მხოლოდ ერთი სხვა უნივერსიტეტის შტატის თანამშრომლები. 9. საზოგადო გამოსვლა საზოგადო გამოსვლა ითვალისწინებს უნივერსიტეტის პერსონალის მხრიდან შესაძლო სასაუბრო შეხვედრებსა და კომენტარებს რადიოსა და ტელევიზიის ან ბეჭდვითი ორგანოს საშუალებით, რაც თავისთავად გულისხმობს ფართო საზოგადოების წინაშე წარდგომას. ქსეუს პერსონალი თავისუფალია კომენტირებისას, თუმცა თუკი კომენტარს აკეთებენ უნივერსიტეტის სახელით, მათ მოეთხოვებათ ეთიკისა და პროფესიული სტანდარტების უმაღლეს დონეზე გამომჟღავნება. თუკი ქსეუს პერსონალი კომენტარს აკეთებს საკითხზე, რომელიც არ ეხება მათ პროფესიულ საქმიანობას, მათ უნდა დააფიქსირონ, რომ კომენტარი კეთდება პირადად მათი პოზიციიდან და არა უნივერსიტეტის სახელით. 10. უნივერსიტეტის შენობისა და ინვენტარის გამოყენება ქსეუს პერსონალი ვალდებულია გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის შენობასა და სასწავლო ინვენტარს, გამოიყენოს ისინი დანიშნულებისამებრ და დაიცვას უსაფრთხოების ზომები. დაუშვებელია უნივერსიტეტის რესურსების არაეკონომიურად და არამიზნობრივად (პირადი მიზნებისათვის) გამოყენება, თუკი არ არსებობს რექტორატის შესაბამისი ნებართვა. 3. უნივერსიტეტის სტუდენტების ქცევის ნორმები 1. სტუდენტურ დისციპლინაზე პასუხისმგებელი პირი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტდენტთა მხრიდან დისციპლინის ნორმების დაცვას აკონტროლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია – დაცვის სამსახური, ფაკულტეტის დეკანი ან განსაკუთრებულ შემთხვევებში რექტორი. ამავე დროს დისციპლინის კონტროლი დელეგირებულია პროფესორ-მასწავლებლებზე, სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანოებსა და ორგანიზაციებზე. კოდექსის, შინაგანაწესის და კანონის დარღვევისთვის დგება სტუდენტის პასუხისმგებლობის საკითხი როგორც უნივერსიტეტის, ასევე ხელისუფლების წინაშე. 2. უნივერსიტეტის მიერ დისციპლინის უზრუნველყოფის საფუძველი უნივერსიტეტის მიერ სტუდენტთა მხრივ დისციპლინარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფის ძირითადი საფუძველია: 1. დისციპლინის არდამრღვევი სტუდენტის პიროვნული, საგანმანათლებლო და სოციალური განვითარების უფლებების დაცვა და უზრუნველყოფა; 2. უნივერსიტეტის სათანადოდ ფუნქციონირების უზრუნველყოფა 3. უნივერსიტეტის მიერ ძალაუფლების გამოვლენა: უნივერსიტეტში მყოფი სტუდენტების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვის მიზნით, უნივერსიტეტი და მისი ადმინისტრაცია მოვალეა მიიღოს ზომები ისეთი სტუდენტების ქმედებების აღსაკვეთად, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებენ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მყოფთა დაცულობას და უსაფრთხოებას. სტუდენტი, რომელსაც სურს ქსეუ–ში სწავლა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: • იცავდეს საუნივერსიტეტო ცხოვრების წესს • სწავლობდეს აკადემიური ჩამორჩენის გარეშე • იცავდეს უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსს. უნივერსიტეტის შინაგანაწესის დარღვევა აყენებს სტუდენტს დისციპლინარული ზომების გამოყენების საფრთხის წინაშე. 4. კანონის დარღვევა და დისციპლინარული წესები კანონის და წესების დარღვევის შემთხვევაში უნივერსიტეტის პედაგოგი და მომსახურე პერსონალი უფლებამოსილია დააყენოს კანონის დამრღვევი სტუდენტის პასუხისმგებლობის საკითხი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დონეზე. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კი უფლებამოსილია, განახორციელოს სხვადასხვა სანქციები (უნივერსიტეტიდან მისი გარიცხვის ჩათვლით), შინაგანაწესის დამრღვევი სტუდენტის მიმართ და, საჭიროების შემთხვევაში, დააყენოს ასეთი სტუდენტის პასუხისმგებლობის საკითხი უნივერსიტეტის ფარგლებს მიღმაც – სახელმწიფოს სათანადო ორგანოების წინაშე. 5. აუდიტორიაში ქცევის წესები აუდიტორიაში სტუდენტის ყოფა-ქცევაზე პასუხისმგებელია პროფესორ-მასწავლებელი. თუ სტუდენტი დაარღვევს წესრიგს ან კანონს და ამით ხელს შეუშლის ლექციის მსვლელობას, ლექტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს სტუდენტს აუდიტორიის დატოვება. შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ლექციებზე დასწრების აკრძალვის უფლება აქვს მხოლოდ ფაკულტეტის დეკანს, ან რექტორატის სხვა წარმომადგენელს. 6. აკადემიური ღირსება და კეთილსინდისიერება უნივერსიტეტში პროფესიის დაუფლებისას, სტუდენტს სწავლასთან ერთად მოეთხოვება აკადემიური ღირსებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა. სტუდენტი შემოდის უნივერსიტეტში, რათა ისწავლოს და პროფესიულად გაიზარდოს, აკადემიური დავალება თუ სამუშაო, რომელიც ეძლევა სტუდენტს შესასრულებლად, ემსახურება სწორედ აღნიშნულ მიზანს. ამგვარად, სტუდენტის ნაშრომი, ნიშნები და შეფასება, უნდა იყოს შედეგი აღნიშნული მიმართულებით მის მიერ პირადად გაწეული შრომისა, რომელიც მიზნად ისახავს მის განსწავლასა და პროფესიულ ზრდას. შესაბამისად, მიუღებელია აკადემიური დავალებისა თუ სამუშაოს შესრულების ყველა სხვა გზა, რომელიც არ ეფუძნება გაწეულ საკუთარ შრომასა და მეცადინეობას. აკადემიური ღირსება და კეთილსინდისიერება ნიშნავს ზემოაღნიშნული ძირეული დებულებების გაგებასა და გათავისებას, რადგანაც, სხვა გზით საუნივერსიტეტო სწავლება-განათლება ვერ შედგება. სწავლების საფუძველია ურთიერთნდობა და პატივისცემა, რომელიც აღმოცენდება სწავლების პროცესში სტუდენტსა და პროფესორს შორის. შესაბამისად, აკადემიური ქცევის წესების დარღვევა, მაგ.; გადაწერა, ან «შპარგალკის» გამოყენება - უბრალოდ კანონსაწინააღმდეგო საქციელი როდია, ესაა მთელი სასაწავლო პროცესის უარყოფა. 7. პლაგიატი ყოველგვარი წერითი დავალება საკუთარი სიტყვებით სტუდენტის აზრის გამოხატვის საშუალება უნდა იყოს. ეს გულისხმობს იმას, რომ წერითი დავალება, სულერთია ის იწერება კლასში, თუ უნივერსიტეტის გარეთ, უნდა შესრულდეს სტუდენტის საკუთარი სიტყვებით და უნდა გამოხატავდეს მის საკუთარ ნააზრევს. თუ სტუდენტს სურს გამოიყენოს ციტირების მიზნით, სხვისი ნააზრევი ან გამონათქვამი, მან უნდა გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნები. სხვისი გამონათქვამის ციტირება, თუ ეს ციტირება კეთილსინდისიერადაა გაკეთებული (ანუ გამოყენებულია შესაბამისი აღნიშვნები და მითითებები), რიგ შემთხვევებში ფრიად სასარგებლოცაა. ყველა სხვა შემთხვევაში ეს აღიქმება, როგორც აკადემიური ქცევის წესების დარღვევად, ანუ პლაგიატად. პლაგიატი ნიშნავს სხვა პიროვნების ნაშრომის, ნააზრების ან იდეის მითვისებას. 8. გადაწერა და ნებადაურთავი მასალების გამოყენება. ტესტი უჩვენებს, რამდენად კარგად აითვისა სტუდენტმა მასალა. ლექტორის მხრივ მასალის, სახელმძღვანელოს, წიგნების, კალკულატორის, კომპიუტერის და სხვ. გამოყენების სპეციალური უფლების არქონის შემთხვევაში, სტუდენტმა მხოლოდ საკუთარი ძალებით უნდა შეასრულოს საგამოცდო დავალება. ეს გულისხმობს იმას, რომ ტესტირების/გამოცდის მიმდინარეობის დროს, მან დახმარება არ უნდა გაუწიოს სხვა პირებს და არც თვითონ მიიღოს დახმარება სხვებისაგან. გამოცდების დროს უმძიმეს დანაშაულად ითვლება, გადაწერის მიზნით, ისეთი მასალების გამოყენება როგორიცაა: «შპარგალკა», კონსპექტები და ა.შ. მსგავს საქციელში შემჩნეული სტუდენტი, დაუყოვნებლივ ტოვებს აუდიტორიას და იღებს შეფასებას «0», თუნდაც «შპარგალკის» გამოყენებამდე მას ფაქტობრივად დასრულებული ჰქონდეს ნაშრომი. გამოცდაზე წიგნების, ან სხვა მასალის გამოყენება არ ისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საამისოდ ლექტორის მიერ მიცემულია სპეციალური ნებართვა, და, შესაბამისად, სტუდენტი მოქმედებს საჯაროდ და არა ფარულად. 9. კოლექტიური საშინაო დავალების შესრულებისას აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა. ხანდახან პროფესორ-მასწავლებლები ავალებენ ჯგუფს, კლასს, კურსს კოლექტიურ საშინაო დავალებას: პროექტს, რეფერატს .... კოლექტიურად მუშაობა საშინაო დავალებაზე არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დაირღვეს აკადემიური ღირსების წესები. ანუ ამ დროს არ უნდა მოხდეს კოლექტივის ერთი ან რამდენიმე წევრის მიერ სხვა წევრების ნამუშევრის მითვისება. ვინაიდან, სტუდენტის პროფესიული ზრდისთვის, საჭიროა, რომ საშინაო დავალება, რომელსაც მას პროფესორი აძლევს, იყოს მისი შრომის, მეცადინეობის, გამოთვლების, გააზრებისა და სხვ. შედეგი. 10. დისციპლინარული ნორმების დარღვევა. უნივერსიტეტში ისჯება: - საუნივერსიტეტო ეთიკის კოდექსის დარღვევა; - უნივერსიტეტში მოქმედი (შინაგანაწესში შეტანილი) ნორმების დარღვევა; - სწავლის პროცესისათვის – ლექციებისა და სემინარებისათვის – ხელის შეშლა, ხმაური, საუბარი; - ლექციებზე მობილური ტელეფონების გამოყენება; - ლექტორის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა; - საუნივერსიტეტო დაცვისადმი დაუმორჩილებლობა; - სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცილისწამება; - ნებადაურთველად შესვლა უნივერსიტეტის შენობაში; - უნივერსიტეტის საკუთრების გამოყენება სათანადო უფლების გარეშე (კომპიუტერის, მონაცემთა ბაზის და ხმოვანი საკომუნიკაციო საშუალებების ჩათვლით); - აკრძალულ ადგილებში (აუდიტორიებში, დერეფნებში და სხვა) სიგარეტის მოწევა; - გამიზნულად ან დაუდევრობის მიზეზით ადამიანის უსაფრთხოების და უნივერსიტეტის საკუთრების საფრთხეში ჩაგდება; - განგებ ცრუ ინფორმაციის მიწოდება (ხანძრის, აფეთქების, ცრუ მუქარის ან სხვა მოვლენის შესახებ); - უნივერსიტეტის სამსახურების მიერ მიცემული დავალება-განკარგულებების შეუსრულებლობა; - ავეჯის, ტექნიკის თუ სხვა სახის საუნივერსიტეტო საკუთრების დამტვრევა-დაზიანება; - კედლების დახატვა-დაბინძურება; ქვემოთ ჩამოთვლილ საქციელზე შემჩნეული სტუდენტები გაირიცხებიან უნივერსიტეტიდან! 4. დისციპლინარული სასჯელი - ფალსიფიცირება, უნივერისიტეტის დოკუმენტების ან ჩანაწერების გადაკეთება და შეცვლა ნებართვის გარეშე; - ძალის გამოყენება, თავდასხმა, ან ძალის გამოყენების მუქარა პიროვნების მიმართ; - იარაღის ტარება, საშიში ნივთიერებების, ასაფეთქებლების თან ქონა; - სექსუალური ძალადობა; - ნარკოტიკული ნივთიერების და ალკოჰოლის ხმარება-გავრცელება; - უნივერსიტეტის საკუთრების, მათ შორის საუნივერსიტეტო ტექნიკის მოპარვა-მიტაცება; - უნივერსიტეტში ქურდობა-ყაჩაღობა; - სახელმწიფო კანონების დარღვევა; - ცრუმოწმეობა. ქვემოთ ჩამოთვლილ საქციელზე შემჩნეული სტუდენტები გაირიცხებიან უნივერსიტეტიდან და მათ საქმეებს უნივერსიტეტი გადასცემს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის!


