მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო!

გავბედეთ და რეალობად ვაქციეთ ჩანაფიქრი - თქვენს წინაშეა ახალი ქართული ეკონომიკური ჟურნალი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთიწამყვანი საერო აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელის - ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის მიერ დაფუძნდა.
ყოველი ახალი წამოწყება წინააღმდეგობებითაა აღსავსე და ხშირად სკეპტიციზმისთვისაა განწირული. ასე იყო ამჯერადაც. სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათის ორგანოს დაფუძნება დიდი განსჯის, განხილვის, საკუთარი ძალების მოსინჯვის საგნად იქცა. ბოლო წლებში შევეჩვიეთ (თუ შეგვაჩვიეს), რომ ახალი, ეკონომიკური მიმართულების ორგანო, მითუფრო სამეცნიერო დანიშნულებისა, აუცილებლად დედაქალაქში უნდა შობილიყო.
დამფუძნებელთან ერთად შევეცადეთ ამ ფსევდოტაბუირებული აზრის მსხვრევას და ჟურნალის პირველი ნომერიც ერთგვარ “საჯილდაო ქვად” წარმოვადგინეთ. მოგეხსენებათ, თანამედროვე პირობებში ქართული ეკონომიკური საზოგადოება არ არის განებივრებული სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათის გამოცემებით, მითუფრო ისეთი პერიოდიკით, რომელიც გახდება რეფერირებადი, ჩაერთვება საერთაშორისო მიმოქცევაში, ექნება საკუთარი განახლებადი ვებგვერდი და დააკმაყოფილებს ამ ტიპის გამოცემებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.
ჩვენი ორგანოს პროფილს ცალსახად და ადექვატურად ასახავს მისი სახელწოდება. თუმცა ჩვენთვის სულაც არ იქნება უცხო საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ასახვა, ახალგაზრდა ეკონომისტების სტიმულირება და მათთვის საფიხვნოს დათმობა.
“ეკონომიკური პროფილის” ეკონომიკური პროფილიდან გამომდინარე საკმაო ტვირთს შევეჭიდეთ. გავიხსენოთ კვანტურ ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი მაქს პლანკი, რომელიც აღნიშნავდა, რომ მოღვაწეობა დაიწყო როგორც ეკონომისტმა, მაგრამ სირთულის გამო მიატოვა ეს პროფესია (თუმცა თანამედროვე მათემატიკური ლოგიკის პიონერმა ბერტრან რასელმა განაცხადა, რომ მან ეკონომიკური თეორიის შესწავლა მისი სიმარტივის გამო მიატოვა).
წინამდებარე ნომერში ნაშრომები მოტანილია სხვადასხვა დონის პრობლემების მიხედვით, კონკრეტული საკითხების დეტალიზაციის სხვადასხვა ხარისხით. ჟურნალის რედკოლეგია წარმოდგენილია როგორც დედაქალაქის, ისე საქართველოს სხვა ქალაქების (ამ შემთხვევაში ძირითადად ქუთაისის) სამეცნიერო პოტენციალით, აგრეთვე, როგორც რეფერირებადი გამოცემისა, უცხოელი სწავლულებით;
ბოლო წლებში საქართველოს რეგიონებში მოღვაწე მკვლევარები, პრაქტიკოსები და ასპირანტები იძულებული იყვნენ მხოლოდ დედაქალაქში გამომავალ პერიოდიკას გაცნობოდნენ და მათში გამოექვეყნებინათ სამეცნიერო სტატიები. ამიტომ “ეკონომიკური პროფილი” ამ მხრივაც პრეცედენტის შემქმნელია, უნიკალურია და სარგებლობის მომტანი უნდა გახდეს ქართული ეკონომიკური საზოგადოებისათვის.
ამრიგად, მომავალი ჟურნალის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები შეიძლება შემდეგი სახით ჩამოყალიბდეს: - თანამედროვე პირობებში ეკონომიკური პრობლემების სხვადასხვა რაკურსით გაშუქება, თეორიული და პრაქტიკული პრობლემების კვლევა და შედეგების სამსჯავროზე გამოტანა; - სამეცნიერო სტატიების, პუბლიკაციების, ანალიტიკური მასალების გამოქვეყნების შესაძლებლობა პრაქტიკოსი სპეციალისტებისათვის, მაძიებლების, ასპირანტებისა და დოქტორანტებისათვის; - სათანადო პირობების შექმნა ახალგაზრდა მეცნიერთათვის; - განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმების პერიოდული გაშუქება; - სხვადასხვა პროექტების საინფორმაციო უზრუნველყოფა; - ჟურნალისათვის თანამედროვე ტიპის, განახლებადი ვებგვერდის შექმნა.
გვჯერა, ჟურნალი საინტერესო იქნება არა მარტო სამეცნიერო წრეებისათვის, არამედ რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურებისათვის, უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგთათვის, ეკონომიკურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი მუშაკებისათვის, მსხვილი საწარმოების, კორპორაციების, ბანკების და ანალიტიკური სტრუქტურებისათვის.
დანარჩენი მკითხველმა განსაჯოს.

- ჟურნალ „ეკონომიკური პროფილის“ რედკოლეგია

- ჟურნალ “ეკონომიკურ პროფილში” სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების წესი

- “ეკონომიკური პროფილი”, №1, 2006, ივლისი

- “ეკონომიკური პროფილი”, №2, 2007, იანვარი

- “ეკონომიკური პროფილი”, №3, 2007, ივლისი

- “ეკონომიკური პროფილი”, №4, 2008, მაისი

mes

naec

www.nea.ge