საქართველოში დატრიალებული აგვისტოს მოვლენები ყველა ქართველის მოუშუშებელი იარა და ტკივილია. ომის საშინელმა დღეებმა ათასობით ადამიანი აქცია საკუთარ სამშობლოში ლტოლვილად. არ დარჩენილა ალბათ საქართველოს არც ერთი კუთხე, სადაც ომის საშინელებებს გადარჩენილ ხალხს არ ეთხოვოს თავშესაფარი და დახმარება. გამონაკლისი რა თქმა უნდა არც ჩვენი ქალაქი ყოფილა.
სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტმა, ისევე როგორც უამრავმა სხვა ორგანიზაციამ თუ კერძო პირმა თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა დროებით გადაადგილებულ, საცხოვრებელდანგრეულ ადამიანების დასახმარებლად.
უნივერსიტეტმა საკუთარი ანგარიშიდან 1000 ლარი გადარიცხა TBC ბანკის სპეც. ანგარიშზე. 300 კგ ტანსაცმელი, 100 კგ. პროდუქტი და 100 ლარი გახლდათ სტუდენტთა შემოწირულობა, რომელიც წითელი ჯვარის ორგანიზაციაში იქნა მიტანილი, ასევე ამავე ორგანიზაციაში იქნა ჩაბარებული 200 ლარის მედიკამენტები.
28 აგვისტოს კი მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 850 ლარის პროდუქტი მივუტანეთ კომპაქტურად დასახლებულ ლტოლვილებს–სულ 40 ოჯახს.
ღმერთმა ინებოს და ყველანი მალე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებსა და კერას, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის მზად იქნება მათ დასახმარებლად და გვერდით დასადგომად.