ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტის შემადგენლობა:
- ბაბუნაშვილი ეკატერინე - ასოც. პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის დირექტორი.

- კორძაძე თეა - ასოც. პროფესორი, კურსდამთავრებულთა ასოციაციის
თავმჯდომარე.

- შალამბერიძე ხათუნა - ასოც. პროფესორი.
- შენგელია მამუკა - ასოც. პროფესორი.
- მამასახლისი ნინო - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის II კურსის მაგისტრანტი.
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება

ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
სამოქმედო გეგმა
(2008-2010 წწ.)

პრეამბულა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციას არეგულირებს უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 25-ე და 31-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე დაწესებულების სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის”. ხოლო ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად, “უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2005 წლიდან ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელმაც ამ წლების განმავლობაში გარკვეული გამოცდილება დააგროვა და კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პროცესის სრულყოფის საქმეში.
ქსეუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა თავისი არსებობის 3 წლის მანძილზე მთელი რიგი ღონისძიებები განახორციელა იმისათვის, რომ ქსეუ-ში სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები დანერგილიყო და ჩვენ ინსტიტუციური აკრედიტაცია გაგვევლო. კერძოდ, დაინერგა საკრედიტო სისტემა (ECTS), შეიქმნა კრედიტების გამოყვანის სხვადასხვა მეთოდი და სქემა, შემუშავდა სილაბუსის შედგენისა და მისი შეფასების სპეციალური ფორმები, შემოღებულ იქნა სტუდენტთა შეფასების ახალი, 100 ქულიანი სისტემა, და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომზადდა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შედგენის ინსტრუქციები და პრაქტიკაშიც დაინერგა. სისტემატურად ტარდებოდა შეხვედრები აკადემიურ პერსონალთან, რომლებზეც განიმარტებოდა ზემოთ აღნიშნული სიახლეები. რამდენჯერმე მოხდა სტუდენტთა გამოკითხვა, რომლის შედეგები და დეტალური ანალიზი გამოქვეყნდა ქსეუს ვებ-გვერდზე.
მომავალი სამი სასწავლო წლის მანძილზე ქსეუს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა განსაზღვრული პრიორიტეტები დაისახა მიზნად:
• სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დასანერგად და და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მოსამზადებლად ქსეუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დაწყებული საქმიანობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს.
• როგორც აკადემიურ პერსონალთან, ისე სტუდენტებთან უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები საკრედიტო სისტემასთან (ECTS) დაკავშირებით, რაც სტუდენტთა მობილობის ხელშემწყობი ერთ-ერთი საშუალება და ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი მოთხოვნაა.
• უნდა გაგრძელდეს ქსეუს აკადემიური პერსონალის მიერ მომზადებული სილაბუსების ანალიზი და შეფასება; მუდმივად უნდა ხდებოდეს მათი განახლება, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა, უახლესი ლიტერატურის მოძიება და გამოყენება სწავლების პროცესში.
• უნდა გაგრძელდეს უწყისების მონიტორინგი და სტუდენტთა ქულობრივი შეფასებების სტატისტიკური ანალიზი, ხოლო მის საფუძველზე გარკვეული რეკომენდაციები უნდა შემუშავდეს და გათვალისწინებულ იქნას.
• დიპლომის დანართის დანერგვა ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი მოთხოვნაა. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა იტვირთოს ახალი ტიპის დიპლომის დანართების მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში აკადემიურ პერსონალს უნდა გაუწიოს კონსულტაცია და მისცეს სათანადო რეკომენდაციები.
• ქსეუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა იზრუნოს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მემორანდუმების გაფორმებაზე, რომელთა საფუძველზეც მოხდება ერთმანეთის კრედიტების აღიარება.
• ბოლონიის პროცესის ფარგლებში ქსეუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტთა მობილობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. უნდა შეიმუშავოს ის მექანიზმი და წესები, რომლებითაც მოხდება ქსეუს სტუდენტების მიერ საზღვარგარეთ აღებული კრედიტების აღიარება. გარდა ამისა, უნდა შეიმუშავოს ის პრინციპები, რომელთა საფუძველზეც მოხდება სტუდენტთა მიერ წლების წინ მოსმენილი სასწავლო კურსებისათვის კრედიტების მინიჭება.
• ქსეუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სისტემატურად უნდა სწავლობდეს ქსეუს მატერიალურ ტექნიკურ-ბაზას (კომპიუტერების, დანადგარების, უახლესი ტექნოლოგიური საშუალებების მდგომარეობას, ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს და ა. შ.), ხოლო ანალიზის საფუძველზე უნდა წარმოადგინოს რეკომენდაციები არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
• ყოველი სემესტრის ბოლოს სოციოლოგების მიერ შემუშავებული კითხვარის საფუძველზე უნდა მოხდეს როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური პერსონალის გამოკითხვა, ხოლო შედეგების ანალიზის საფუძველზე უნდა შემუშავდეს ის რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის ამაღლებას, საერთაშორისო დონის სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და ბოლოს პროგრამულ აკრედიტაციას.
• ქსეუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა მოამზადოს და განახორციელოს ქსეუ-ს აკადემიური პერსონალის თვითშეფასება, რაც აკრედიტაციის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს.
• ქსეუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა მოახდინოს სამივე საფეხურის სასწავლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), კურიკულუმის სისტემატური მონიტორინგი (ეს განსაკუთრებით აქტუალურია პროგრამული აკრედიტაციის მოსამზადებელ პერიოდში) როგორც საკუთარი ძალებით, ისე მოწვეული ექსპერტების დახმარებით. სასურველია ამ პროცესში პარტნიორი უნივერსიტეტებისა და უცხოელი ექსპერტების ჩართვა. სასწავლო პროგრამების მომზადებისა და შეფასების პროცესში გამოყენებულ უნდა იქნას: ტრანსნაციონალური ევროპული შეფასების პროექტის (Transnational European Evaluation Project I, II) მასალები, რომლებიც წყლის რესურსების მენეჯმენტს, კულტურისა და კომუნიკაციურ კვლევებს, სამართალს, ეკონომიკას, ისტორიას, ფიზიკას და ვეტერინარიას ეხება; ევროპაში საგანმანათლებლო სტრუქტურების რეგულაციების პროექტის საბოლოო შედეგები (Tuning Educational Structures in Europe, Universities Contribution to the Bologna Process), რომლებიც შემდეგ სფეროებს არეგულირებენ: ბიზნესის ადმინისტრირება, ქიმია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (გეოლოგია), განათლების მეცნიერებები, ევროპის კვლევები, ისტორია, მათემატიკა, საექთნო საქმე, ფიზიკა.
• ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სისტემატურად უნდა ამზადებდეს საინფორმაციო მასალას (ბროშურებს, ბუკლეტებს, საინფორმაციო ბიულეტენებს, პლაკატებს და სხვ.) სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის, უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განსათავსებლად საინფორმაციო სამსახურს სისტემატურად უნდა აწვდიდეს ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგების, არსებული ვითარების ანალიზისა და პრობლემათა გადაჭრის გზების შესახებ.
• მუშაობის პროცესში ქსეუს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უნდა ეყრდნობოდეს საქართველოს კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის წესდებას, ქსეუს მისიას და სტრატეგიული განვითარების გეგმას, ევროპული საგანმანათლებლო სივრცისათვის ისეთ საკვანძო დოკუმენტებს, როგორიცაა: უნივერსიტეტების დიდი ქარტია (ბოლონია, 1988 წლის 18 სექტემბერი), ლისაბონის კონვენცია (1997 წ.), სორბონის დეკლარაცია (1998 წლის 25 მაისი), ბოლონიის დეკლარაცია (1999 წლის 19 ივნისი), სტუდენტების გიოტებორგის დეკლარაცია (2001 წლის 25 მარტი), სალამანკის მიმართვა (2001 წლის 29-30 მარტი), პრაღის კომუნიკე (2001 წლის 19 მაისი), გრაცის დეკლარაცია (2003 წლის 30 მაისი), ბერლინის კომუნიკე (2003 წლის 19 სექტემბერი), ბერგენის კომუნიკე (2005 წლის 19-20 მაისი) და სხვ.
• გარდა ამისა, ქსეუს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უნდა ითვალისწინებდეს ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული და საერთაშორისო სააგენტოების, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციათა და ექსპერტთა, ქსეუს მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის შენიშვნებს, მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს.
• ქსეუს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა განიხილოს და დაამტკიცოს ქსეუს აკადემიურმა საბჭომ და ეს დოკუმენტები (ინსტრუქციები, რეკომენდაციები და სხვ.) მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ამოქმედდეს.
• უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 25-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის თანახმად, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად”.
• უმაღლესი განათლების შესახებ კანონის ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ქსეუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა მჭიდრო კონტაქტები უნდა დაამყაროს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა: უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია (ENQA), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოთა ქსელი (CEE Network), აკრედიტაციის ევროპული კონსორციუმი (ECA), უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის სკანდინავიური ქსელი (NOQA), UNESCO Global Forum Task Force და OECD/UNESCO Working Group, უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული სააგენტოები (კერძოდ, ავსტრიის, ბელგიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, უნგრეთის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ჰოლანდიის, ნორვეგიის, პორტუგალიის, სლოვაკეთის, ესპანეთის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთის, ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვენიის) და სხვ.
• საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და მათ შორის ქსეუს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებმა უნდა იზრუნონ საკუთარი ეროვნული სააგენტოს შექმნასა და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაერთიანებაზე.
• მუშაობის პროცესში მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ადგილობრივი რესურსები, დამყარდეს კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის საელჩოსა და წარმომადგენლობასთან, რომლებიც საერთაშორისო კონტაქტების დამყარებასა და უცხოელი ექსპერტების მოწვევაში, საერთაშორისო შეხვედრების, კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზებაში დაგვეხმარებიან, რაც სწავლებისა და კვლევის ხარისხის ამაღლების ერთ-ერთი წინაპირობაა და რაც, თავის მხრივ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის.
• ქსეუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურთან, რომლებთან კონსულტაციების საფუძველზე უნივერსიტეტი უნდა მოემზადოს პროგრამული აკრედიტაციის წარმატებით გასავლელად, ხოლო 2010 წლისათვის ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი უნდა გახდეს.
• ქსეუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა აქტიურად უნდა ითანამშრომლოს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრთან აკრედიტაციის სტანდარტების შემუშავების პროცესში, ხოლო შემდეგ უნდა მოამზადოს ქსეუ-ს აკადემიური პერსონალი პროგრამული აკრედიტაციისათვის. კერძოდ, უნდა შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს აკადემიური საბჭო და რომლის საფუძველზეც ქსეუ მოემზადება და წარმატებით გაივლის პროგრამულ აკრედიტაციას, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქსეუს ევროპის ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის, რაც უნივერსიტეტის ნებისმიერი წარმომადგენლის ძირითადი ამოცანა და მიზანია.

mes

naec

www.nea.ge